სიახლეები

 

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტი

 

რუსეთის მცოცავი ოკუპაციის ზონაში მოქცეული სოფლების ყოფა

კხსსკი ბაზაზე ხორციელდება პროექტი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის ზონაში მოქცეული სოფლების ყოფა,(FR-18-10229), რომელიც დააფინანსა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. პროექტმა გაიმარჯვა ფუნდამენტური კვლევების კონკურსში და მისი რეალიზაციის ვადები მოიცავს 2019-2021 წლებს. პროექტის განხორციელება დაიწყო 2019 წლის 25 თებერვალს. მისი ძირითადი მონაწილეები არიან ნათია ჯალაბაძე (ხელმძღვანელი), ლ. ჯანიაშვილი და ნ.ლოლაძე (კოორდინატორი), დამხმარე პერსონალი ა. რუაძე

პროექტი ეხება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაზარალებული სოფლების ყოფას. დღესდღეობით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცეულია 135 სოფელი. ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად, რასაც რუსული/ოსური მხარე ინტენსიურად აწარმოებს 2011 წლიდან, ზოგიერთი სოფელი გაყოფილი აღმოჩნდა. ე.წ. საზღვრმა მოსახლეობის ნაწილისათვის მიუწვდომელი გახადა მათი კერძო საკუთრება. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად მოიშალა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ეკონომიკური და სოციალური კავშირები. საგანგაშოა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რუსების მიერ დაკავებული ადამიანების რიცხვი.

პროექტით დაგეგმილია მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაზარალებული გორის, ქარელის, კასპის, დუშეთის, ხაშურის, საჩხერის და ონის რაიონების ხელოვნურად გახლეჩილ საზოგადოებში მიმდინარე ეთნოკულტურული, ეთნოდემოგრაფიული და მიგრაციული პროცესების დინამიკის შესწავლა, იმ მექანიზმების გამოვლენა, რაც საფუძლად უდევს ომისშემდგომ რუსულ პოლიტიკას – ქართული სოფლების ურთიერთიზოლაციით და ტრადიციული სამეურნეო-კულტურული ინსტიტუტების მოშლით მოახდინოს ქართული ეთნო-სახელმწიფოებრივი იდენტობის ტრანსფორმაცია საზღვრისმიღმა დარჩენილ მოსახლეობაში.

მცოცავი ოკუპაციის თემატიკა და მისი თანმდევი პრობლემები, უშუალო კავშირშია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან. იგი ამ დრომდე აკადემიური კვლევის საგნად არ ქცეულა. გამოკვლევა სრულიად ახალია ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში. ამიტომ, პროექტს ექნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა. სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვა ახალი მონაცემები, შესაძლებელი გახდება მოსალოდნელი სოციოკულტურული პროცესების პროგნოზირება, მოხდება სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმირება და შემუშავდება რეკომენდაციები.

ექვსივე საკვლევ მუნიციპალიტეტში პროექტით დაგეგმილი საველე სამუშაოებიდან მიმდინარე პირველ პერიოდში განხორციელდა საველე სამუშაოები გორის და ხაშურის რაიონებში. საველე სამუშაოები ითვალისწინებდა მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაზარალებული დასახლებული პუნქტების კატეგორიზაციას რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორიების დანიშნულების (სასოფლო-სამეურნეო, საცხოვრებელი, საძოვარი, ტყე და სხვ.) და მოცულობის მიხედვით. კარტოგრაფირების საშუალებით აღნიშნული ინფორმაციის ვიზუალიზაციას, არსებულ ოფიციალურ მონაცემებთან შედარებას და სივრცით-დროითი ასპექტების ანალიზს.მოხდა ამ მიზნებისთვის საჭირო მასალის აღნუსხვა და ფოტო/ვიდეო ფიქსაცია. გამოვლინდა მოსახლეობის განწყობა არსებული ვითარების და მიმდინარე პროცესების მიმართ.

 
 
 
 
 
 
 

სემინარი

შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სომხურ-აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა საქართველოში (ქვემო ქართლი) და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის დინამიკა” – ფარგლებში  2018 წლის   13 დეკემბერს 13 საათზე, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიაში  გაიმართა სემინარი

 

 

ონლაინ კონფერენცია

29 ნოემბერი, 16:00
გიწვევთ ონლაინ კონფერენციაზე რომელიც ეძღვნება შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სომხურ-აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა საქართველოში (ქვემო ქართლი) და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის დინამიკა” ერთწლიან შემაჯამებელ კვლევის შედეგების პრეზენტაციას.
კონფერენციის ონლაინ სთრიმინგი იხილეთ ბმულზე:

 

პროგრამა:
1. ლ. მელიქიშვილი – შესავალი სიტყვა
2. ლ. ჯანიაშვილი – კულტურული, პოლიტიკური და ეთნიკური საზღვრის
აღქმა სომხეთთან მომიჯნავე ეთნიკურად შერეულ სოფელში
3. გ. მამარდაშვილი – ქვემო ქართლის სომხური და აზერბაიჯნული
მოსახლეობის ზეპირი ისტორიები
4. ხ. იოსელიანი – გენდერული საკითხის ზოგიერთი ასპექტი მარნეულის
რაიონის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით
5. ვ. ურუშაძე – არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო ინტეგრაციის
გამოწვევები

 

მოსაწვევი

 
 
 
 
 
 
 

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტი

სომხურ–აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა საქართველოში (ქვემო ქართლში) და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის  დინამიკა

თემის აქტუალობა

დემოკრატიული განვითარების გზაზე  მდგომი საქართველოსთვის   ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია. საქართველო ისტორიულად პოლიეთნიკური და მულტიკულტურული ქვეყანა იყო, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ქვემო ქართლი, სადაც ქართველებთან ერთად კომპაქტურად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკურ  ჯგუფთა წარმომადგენლები (აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები და სხვ). საბჭოთა სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ინტენსიური ტრანსფორმირების მიუხედავად, ეთნიკურ ჯგუფთა კულტურული და სამეურნეო იზოლაციის საკმაოდ მაღალი ხარისხი, მულტიკულტურალიზმის მიმართ  კონსერვატიული დამოკიდებულება  და  ე.წ. ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ამ ჯგუფების ინტეგრაციის გზაზე ძლიერ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვანი ე.წ. ეროვნული უმცირესობის სომხების და აზერბაიჯანელების ურთიერთობები  და  ინტეგრაციის პერსპექტივა.

ქვემო ქართლში აზერბაიჯანელები მოსახლეობის დაახლოებით 37 % ხოლო სომხები 5,5 %-ს შეადგენენ აზერბაიჯანელთა წინაპრები ძირითადად. მე-17 საუკუნის დასაწყისიდან დამკვიდრდნენ მტრის ხშირი შემოსევებისაგან გაუკაცრიელებულ  აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში (ქართლსა და კახეთში). სომხების ინფილტრაცია კი უფრო ადრე დაიწყო და საუკუნეების მანძილზე მეტ-ნაკლები ინტენსივობით მიდინარეობდა. შუა საუკუნეებში საკუთარ სამშობლოში მტერთა ძალმომრეობას გამოქცეული სომხები თავს სასაზღვრო ქართულ რეგიონებს აფარებდნენ. თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით გადმოსახლდა ირანიდან და თურქეთიდან.

ზოგადად უმცირესობები ერთმანეთის მიმართ გარკვეული სოლიდარობის გრძნობით ხასიათდებიან, რაც კულტურათაშორისი ურთიერთობების ერთნაირი სტრატეგიის ჩამოყალიბებას განაპირობებს. ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური ჯგუფები ამ მხრივ განსხვავებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, ეს გარკვეულწილად უკავშირდება მოსაზღვრედ მდებარე სომხურ და აზერბაიჯანულ სახელმწიფოებს შორის არსებულ კონფლიქტს და ამ ქვეყნებიდან მომდინარე პოლიტიკურ, კულტურულ, რელიგიურ თუ სოციალ–ეკონომიკურ ტენდენციებს. მათი სამოქალაქო ინტეგრაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც მრავალწახნაგიანი,  კომპლექსური პროცესი სადაც აქტიურადაა ჩართული მაკონსოლიდირებელი და მადეზინტეგრირებელი; ეთნოცენტრისტული და გლობალისტური  ფაქტორები. სომხები და აზერებაიჯანელები ძირითადად ერთმანეთისაგან იზოლირებულად ცხოვრობენ და ხასიათდებიან როგორც ფიზიკური, ასევე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური იზოლაციით. ერთის შეხედვით მათ ზომიერი განწყობები აქვთ ერთმანეთის მიმართ, თუმცა, ერთმანეთის ტრადიციებისა და ადათ-წესების შესახებაც ნაკლებად იციან, ისინი ერთი რეგიონის შიგნით თანაარსებობენ, მაგრამ ნაკლებად თანამშრომლობენ.  ჯგუფებს შორის დიდი სოციალური დისტანცია და ნაკლებად განვითარებული  ინტერკულტურული სენსიტიურობა, ნეგატიური ეთნიკური სტერეოტიპები და ეთნოცენტრიზმი განაპირობებს კულტურათაშორის  დაპირისპირების მაღალ რისკს, რაც შეიძლება განხილულ იქნას, არა  როგორც მხოლოდ კულტურათა დაპირისპირების ან კონკურენციის, არამედ როგორც მათ შორის კომუნიკაციის მოშლის და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის პერიოდული გამწვავების  შედეგი.

ორივე საკვლევი ჯგუფი მწვავედ აღიქვამს საქართველოს რეგიონებისათვის ტიპურ პრობლემებს როგორიცაა: სოფლების მოსახლეობისაგან დაცარიელება, სტაგნაცია, გაუცხოება, სოფლის მეურნეობის დაცემა, ინფრასტრუქტურის მოშლა, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ინტენსიური მიგრაცია, ჯგუფთაშორის ენობრივი ბარიერი, საინფორმაციო ვაკუუმი,  გადაუჭრელი ყოფითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, განათლების არასახარბიელო მდგომარეობა. არაქართველი ჯგუფები ცხოვრების დაბალ დონეს სახელმწიფოსაგან ყურადღების ნაკლებობით ხსნიან და საზღვარგარეთ ეკონომიკურ მიგრაციას პოლიტიკურ ტაქტიკად მიიჩნევენ, ამიტომ მას აზერბაიჯანელები – „კულტურულ დეპორტაციას”, ხოლო სომხები –  „ძალდატანებით დეპორტაციას” უწოდებენ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა მდგომარეობის გამწვავება ნეგატიური შედეგებით, როგორიცაა: ნაციონალიზმის და შოვინიზმის გამწვავება, ჯგუფთაშორისი  დაპირისპირება, კონფლიქტი და ა.შ..

ქვემო ქართლი ისტორიულ–ეთნოლოგიური თვალსაზრისით მეტ–ნაკლებად შესწავლილი რეგიონი, არის რამდენიმე  გამოკვლევა  თანამედროვე  ეთნოდემოგრაფიული და ეთნოკულტურული პროცესების შესახებაც, მაგრამ სომხურ – აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობის დინამიკა,  მათი სამოქალაქო  ინტეგრაციასთან კორელაციაში აქამდე სერიოზული კვლევის საგანი არ ყოფილა.  პროექტის განხორცილების შემთხვევაში პირველად იქნება გამოკვლეული საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური საზოგადოებების ურთიერთობა გლობალიზაციური პროცესების ჭრილში;  სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს შორის არსებული კონფლიქტის ფონზე მიმდინარე ეთნოდემოგრაფიული, ეთნორელიგიური, ეთნომიგრაციული პროცესები; საქართველოში სომხურ–აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების თავისებურებები; სავაჭრო–ეკონომიკური და  სახელმწიფო პოლიტიკა, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ ის მექანიზმები, რომლებიც ამ ჯგუფების დაახლოებას შეუწყობს ხელს და განვსაზღვროთ მათი ინტეგრაციის პერსპექტივა.  გამოიცემა მონოგრაფია, შეიქმნება ეთნოგრაფიული  ფილმი.

კვლევის მიზნები და ამოცანები

კვლევის ობიექტს წარმოადგენს ქვემო ქართლში მცხოვრები სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობა. დაგეგმილია ამ მოსახლეობის თანაცხოვრების დინამიკის გამოკვლევა. ჩვენი მიზანია გამოვიკვლიოთ პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების, ტრადიციული ყოფისა და კულტურის, სოციალური სისტემების როლი ამ ორი ჯგუფის სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში.

ხსენებული მიზნის მისაღწევად ვგეგმავთ შევისწავლოთ დემოგრაფიული ვითარება, სამეურნეო ურთიერთობები, დასახლების ფორმები, სამეურნეო  ნაგებობები, ეკონომიკა, რელიგია, სოციალური საკითხები, ქართული და მეზობლად მდებარე სომხური და აზერბაიჯანული სახელმწიფოების პოლიტიკის, არასამთავრობო სექტორის და  სავაჭრო–ეკონომიკური ფაქტორების გავლენა ინტეგრაციის დინამიკაზე.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია – სამეცნიერო და ტექნიკური ბაზის მობილიზება; საკითხის ირგვლივ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის გაანალიზება; სომხური და აზერბაიჯანული არასამთავრობო სექტორის,  მათი სტატისტიკის, საქმიანობის მიმართულებების, გავლენის და ავტორიტეტის გაცნობა, მათი დამოკიდებულების დადგენა სომხურ–აზერბაიჯანული ურთიერთობებისადმი; ექსპედიციისათვის საჭირო ანკეტა–კითხვარების შედგენა; პილოტაჟური გამოკითხვა თბილისში (30 ინტერვიუ). ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს   წარმოდგენა შევიქმნათ საკვლევ პრობლემაზე და მოვამზადოთ ბაზისი შემდეგი მუშაობისათვის.

მეორე ეტაპი – საველე ექსპედიცია მარნეულში;  გამოვიკვლევთ სომხური და აზერბაიჯანული ჯგუფების დემოგრაფიის დინამიკას; ყარაბახის კონფლიქტის ინტენსივობის გავლენას მათ ურთიერთობებზე, საომარ პროცესში უშუალო მონაწილეთა  რაოდენობას, საზოგადოებრივ სტატუსს და დამოკიდებულებას ამ  პროცესებისადმი; რელიგიურ ინსტიტუტებს, ნათესაობის სისტემას, საქორწინო ურთიერთობებს, დღესასწაულებს, ინტერეთნიკურ კონტაქტებს, კულტურულ განსხვავებებს, სპონტანურ და ორგანიზებულ წინააღმდეგობებს, კომუნიკაციას და ურთიერთქმედების საერთო ველს, ქცევის წესებს და ნორმებს, სტერეოტიპებს, კულტურულ ღირებულებებს; სავაჭრო–ეკონომიკურ ფაქტორებს, განათლებას და ენას. პროფესიული კულტურის გავლენას ინტეგრაციის დინამიკაზე, ბიზნეს ორგანიზაციების და სამრეწველო ობიექტების პოლიტიკას; სომხურ–აზერბაიჯანული მოსახლეობის ბიზნეს პარტნიორობის ხარისხს; ეთნოცენტრისტულ იდეოლოგიებს (100 ინტერვიუ), ხსენებული საკითხების გარდა  შევისწავლით სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო პოლიტიკის გავლენას საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბიაჯანელთა ინტეგრაციის პროცესზე; მოეწყობა სემინარი.

მესამე ეტაპზე––საველე ექსპედიცია წალკასა და თეთრიწყაროში. გაგრძლდება მეორე ეტაპზე დასმული საკითხების კვლევა (100 ინტერვიუ); ურთიერთობა სამთავრობო სტრუქტურებთან; საკვლევი პრობლემის შესახებ აზერბაიჯანული და სომხური სამეცნიერო წრეებისა და ესპერტების მოსაზრების გასაცნობად მივლინებით წავალთ ბაქოსა და ერევანში;  გამოქვეყნდება ორი სტატია .

მეოთხე ეტაპზე – საველე ექსპედიცია  დმანისსა და ბოლნისში; გაგრძელდება ზემოხსენებული საკითხების კვლევა (100 ინტერვიუ); სამუშაო შეხვედრა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან; გამოქვეყნდება  სტატია საერთაშორისო ჟურნალში

მეხუთე ეტაპზე––საველე ექსპედიცია გარდაბანში. გაგრძელდება ზემოხსენებული საკითხების კვლევა (100 ინტერვიუ); ეთნოგრაფიული ფილმის დამონტაჟების დასაწყისი, რეკომენდაციების შემუშავება სამთავრობო სტრუქტურებისათვის. კონფერენციის  მოწყობა და კვლევის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა. გამოქვეყნდება სტატია საერთაშორისო ჟურნალში

მეექვსე ეტაპზე ––   მონოგრაფიის  მომზადება, ფილმის მონტაჟი, საბოლოო ანგარიში ფონდთან.

პროექტის განხორციელების შედეგად კომპლექსურად შევისწავლით ქვემო ქართლის რეგიონში სომხურ–აზერბაიჯანულ ჯგუფთაშორის ურთიერთობის დინამიკას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ყოფის რაკურსით; შემუშავდება მათი ინტეგრაციის სტრატეგია; შეიქმნება თეორიული ბაზა ჯგუფთაშორისი ლოიალობის პოლიტიკის შესამუშავებლად; ეთნიკური სტერეოტიპების გამოვლენის საფუძველზე დადგინდება აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური სეგმენტების დაახლოების მექანიზმები; თანამედროვე ეთნიკურ პროცესების გათვალისწინებით ახლებურად დაისმება მიმდინარე ყოფისა და კულტურის რიგი საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება საკვლევ ჯგუფთა ინტეგრაციის ხარისხი; გამოვლინდება საფრთხის რეალურად თუ პოტენციურად არსებობის პირობებში ადამიანის, ჯგუფის, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ლოკალური ინსტიტუტები; დადგინდება  სოციალური სისტემის, როგორც წარმოების, ფიზიკური და ეკონომიკური, ისე ეთნოკულტურული უსაფრთხოების მექანიზმები. მომზადდება რეკომენდაციები სამთავრობო ინსტიტუტებისთვის; შეიქმნება ეთნოგრაფიული ფილმი. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ჯგუფთაშორის მშვიდობიანი ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებს. ამასთან პროექტის განხორციელებას ექნება სამეცნიერო მნიშვნელობაც, რაც აისახება გამოქვეყნებულ სტატიებსა და მონოგრაფიაში.

 კვლევის მეთოდოლოგია

პროექტის განხორციელება დაეფუძნება საველე-ეთნოგრაფიულ მასალას, საარქივო, სტატისტიკურ და სპეციალური ლიტერატურის მონაცემებს. შესწავლილი იქნება ქვემო ქართლის რეგიონში ადგილობრივი ადმინისტრაციული მონაცემები. გათვალისწინებულია როგორც თეორიული (საარქივო და საბიბლიოთეკო-კვლევითი), ასევე ემპირიული მეთოდების გამოყენება. პროექტის განხორციელებისას ფართოდ გამოვიყენებთ ინტერნეტისა და   სოციალური ქსელის მონაცემებს.

საექსპედიციო მუშაობა ჩატარდება კომპლექსურ-ინტენსიური (გ. ჩიტაია) მეთოდით, რაც თავის თავში შეიცავს უშუალო დაკვირვების მეთოდს და ინფორმატორებთან ინტერვიურებას. რეგიონში ინტერჯგუფური ურთიერთობის და მოსახლეობის ინტერესების გამოსავლენად ჩატარდება თავისუფალი დისკუსიები და ჯგუფური შეხვედრები.`მოსახლეობისაგან ჩაწერილი ნარატივები ხელს შეუწყობს ეთნიკური სტერეოტიპების გამოვლენას და სოციალური ურთიერთობის თავისებურებათა  დადგენას სომეხი და აზერბაიჯანელი  ეროვნების წარმომადგენლებში.

ველზე ფიქსირებული იქნება ვიდეო და ფოტო მასალა (რელიგიური ძეგლები, სასაფლაოები, სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობები, ყოფის ამსახველი სიუჟეტები, ეთნიკური ტიპების პორტრეტები). აუდიომასალა – მონათხრობები არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა მდგომარეობის შესახებ.

პროექტის შემსრულებელი სამეცნიერო ჯგუფი

ლიანა მელიქიშვილი,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, არის 15 მონოგრაფიის და ასზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროქეტი საქართველოს სასაზღვრო, პოლიეთნიკურ რეგიონებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯავახეთში, პანკისის ხებასა და ქვემო ქართლში განხორციელებული პროექტები და მათ საფუძველზე გამოცემული ნაშრომები ((კონფლიქტური სიტუაციები პოლიეთნიკურ საზოგადოებაში, თბ. 1998; პანკისის კრიზისი თბ. 2002; სოციალური უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტები პოლიეთნიკურ საზოგადოებაში, თბ. 2011).

ლავრენტი ჯანიაშვილი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,  მრავალი სამეცნიერო პროექტის მონაწილე (მათ შორის სამი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული), ეთნიკური ურთერთობის  პრობლემაზე გამოქვეყნებული აქვს  3 მონოგრაფია  და ასამდე სტატია. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის საქართველოში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფები. არის რამდენიმე ეთნოგრაფიული ფილმის ავტორი.

ხათუნა იოსელიანი, ეთნოლოგი ისტორიის დოქტორი, ორი მონოგრაფიის და მრავლი სამეცნიერო სტატიის ავტორი, მათ შორის ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობის ყოფისა და კულტურის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მას მეგობრული და ნათესაური კონტაქტები  აქვს ქვემო ქართლში, რაც ერთგვარად გაადვილებს საკვლევ ჯგუფებთან ურთიერთობას.

გიორგი მამარდაშვილი (პროექტის კოორდინატორი), ანთროპოლოგიის დოქტორი, რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, კინოდოკუმენტალისტი. სამეცნიერო უნარების გარდა გიორგის აქვს სამომხურ და აზერბაიჯანულ კერძო პირებთან  და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება.

ვახტანგ ურუშაძე, მედია ხელოვნების და კულტურის მაგისტრი, გამოიკვლევს დასავლური კულტურული იმპულსების გავლენას სომხურ და აზერბაიჯანულ ტრადიციულ ყოფაზე, არასამთავრობო სექტორის როლს ეთნიკურ ჯგუფთაშორის ურთიერთობის ხასიათზე.

პროექტის კონსულტანტი, სტეფან ფელი, ანთროპოლოგიის დოქტორი,  მარბურგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, ქართველოლოგი.  ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ აკადემიურ წრეებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ადათობრივი სამართლის რევიტალიზაცია საქართველოში “, საკვლევი რეგიონი იყო ქვემო ქართლი, ხოლო 2010-2017 წლებში, დაადის ფონდის მიერ დაფინანსებული 6 პროექტი „კავკასია, კონფლიქტი კულტურა“, კვლევის გარდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო და სტუდენტური წრეების დაახლოებასაც ისახავს მიზნად.

პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის ხარისხი

პროექტში მონაწილე მკვლევარები წარმოადგენენ კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წევრებს, თუმცა, იმავდროულად, ისინი დასაქმებული არიან სხვადასხვა აკადემიურ დაწესებულებებში (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თსუ ისტრორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი). პროექტის განხორციელების პროცესში აქტიური თანამშრომლობა იგეგმება როგორც ქართულ აკადემიურ სტრუქტურებთან  ისე სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე მოვიწვევთ მეცნიერებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. პროექტის მონაწილე მეცნიერები გაწევრიანებული არიან სხვადასხვა საერთაშორისო აკადემიურ ასოციაციებში (Central Eurasian Studies Society, European Association of Social Anthropologists და ა.შ), რომელთა მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე მოხსენებების წარდგენით შესაძლებლობა მოგვეცემა პროექტის საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისათვის გახდეს ხელმისაწვდომი.